ამ დევნის მიზანია „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება - მესამე სექტორის განცხადება

გამოქვეყნდა:

მესამე სექტორი "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის - ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრების მიმართ თვალთვალისა და მიყურადების ფაქტს ეხმიანება. კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

კოალიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ დაუშვებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლების მიერ მედიაზე სიტყვიერი თავდასხმები და უპასუხისმგებლო შეფასებები. მათ შორისაა, საქართველოს პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანის 2020 წლის 14 დეკემბრის განცხადება  ნიკა გვარამიას მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.   ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივი კრიტიკის ფონზე, ვშიშობთ,  ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანია „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.  ეს პროცესი უარყოფითად აისახება “მთავარი არხის“ გუნდზე და ჟურნალისტების სამუშაო გარემოზე, - ნათქვამია განცხადებაში. 

ნიკა გვარამიას მიმართ თავდასხმები, ეს იქნება სიტყვიერი, ფიზიკური თუ სხვა სახის, რომელსაც ხშირად განიცდის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ეს არის პირდაპირ მიმართული იქეთკენ, რომ საპირისპირო აზრი არ არსებობდეს ქვეყანაში, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, - ამბობს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

არჩევნების შედეგების შემდგომ ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების გააფთრებულ ბრძოლას იმ დამოუკიდებელი სუბიექტების მიმართ, რომლებიც ჩვენ ქვეყანას შემორჩა. ასეთია არასამთავრობო სექტორი და ასეთია კრიტიკული მედია, - ამბობს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი. 

ეს არის შანტაჟის და დაშინების მცდელობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ "ქართული ოცნებისთვის" პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულად ნიკა გვარამია, როგორც "მთავარი არხის" დირექტორი და ცხადია, რომ მისი განეიტრალების სურვილი საკმაოდ მძაფრად აწუხებთ, ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა, კარგა ხანია, გრძელდება და არჩევნების შემდეგ შესაძლოა, კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდნენ, რა თქმა უნდა, არც ნიკა გვარამია მოსწონთ და უყვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ ნაბიჯების მთავარი მიზანია "მთავარი არხის" განეიტრალება", - ამბობს მედიაექსპერტი ნინია კაკაბაძე. 

ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როცა ხდება თვალთვალი, მათ შორის, არასრულწლოვანი პირის მიმართ, ასევე, ეს ის შემთხვევაა, როცა მარტის მოლაპარაკების შემდეგ შეჩერდა საქმის წარმოება და გაგრძელდა არჩევნების შემდეგ და, რასაკვირველია, ეს ყველაფერი ბადებს კითხვის ნიშნებს და იწვევს ეჭვს, რომ შესაძლოა, ემსახურებოდეს არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას, - აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ 12 დეკემბერს სტატუსი გამოაქვეყნასადაც წერს რომ შემოუთვალეს, რომ ახალ წლამდე მისი სასამართლო პროცესი განახლდება და ქონებას ჩამოართმევენ.  

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ოჯახის დევნაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. 

ოცნების პროკურატურის მხრიდან შანტაჟსა და დევნასთან დაკავშირებით კრიტიკული მედიის დამფუძნებლის განცხადებებს მან "გაბომჟებული საცოდაობა" უწოდა

ნიკა გვარამიამ, რომელიც წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრებზე ჯერ არავის გამოუთქვამს. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი