სჯობს დავიხოცოთ, სიკვდილის ტოლფასია ამასთან შეგუება - აფრიკის დასახლებაში დაზარალებულები

გამოქვეყნდა:

შენობის ნანგრევებში გათენებული ღამე და ქუჩაში დარჩენილი სოციალურად დაუცველები - აფრიკის დასახლებაში 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ადგილობრივები ყვებიან რომ ამ დრომდე ხელისუფლებიდან მათ არავინ დაკავშირებია და დახმარება არავის შეუთავაზებია.

"ვეხვეწებოდი, რომ არ დაანგრიოთ, მივალ და ჩემი ხელით დავშლი, ჩამოვალაგებ, უბრალოდ, ეს ნაწვალები, არანაირი გათვალისწინება, პირდაპირ გადადიოდნენ ცემაზე. აპირებენ იგივეს და არ გავჩერდებით არავინ, იგივე სიკვდილის ტოლფასია და ჯობია დავიხოცოთ, ვიდრე ამ სიტუაციას შევეგუოთ, ხვალ იქნება უარესი", - ამბობს დაზარალებული, ვალერიან სოლომნიშვილი.

სოციალურად დაუცველებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება როგორ  გააგრძელებენ ცხოვრებას, მას შემდეგ რაც თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, მათ ბანკის ვალებით აშენებული საცხოვრებელი სახლები დაუნგრიეს. დაზარალებულები მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი გუშინ ადგილობრივებსა და პოლიციელების დაპირისპირების  შემდეგ, დაკავებული ვანო ფოცხვერაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. 

"3 ბავშვი მყავს, სად წავიდე სამი ბავშვით, ვის მივადგე, სოფლებში სახლი არ მაქვს, არსად არაფერი გამაჩნია, უსახლკარო ვარ. არანაირი გაფრთხილება არ არსებობს ამ მთავრობისთვის, პირდაპირ მოდიან ეგრე, თავს გვესხმიან ხალხს. ხელს ვერ ვამოძრავებ და მთელი ბეჭები მტკივა ისე მირტყა პატრულმა და მეტი რაღა უნდა დაეზარალებინათ", - ყვება დაზარალებული, მაგული გოგიჩაიშვილი.

მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა. 

სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება.  სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი