
აფრიკის დასახლების მსგავსად, თბილისის მერია სხვა სოციალურად დაუცველების სახლების დასანგრევადაც ემზადება.
მერიას უკანონო ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოებისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 189 911 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციაში მერია ითხოვს, რომ თბილისის ტერიტორიაზე - შემსრულებელმა კომპანიამ - დემონტაჟის სამუშაოების ოპერატიულად შესრულება დღე-ღამის ნებისმიერ დროს უზრუნველყოს.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ დაუშვას და მსგავსი ქმედებები დროულად აღკვეთოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა.
სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება. სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება.