აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და დაპირისპირებისას დაკავებული ვანო ფოცხვერაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის ნაცემია. ამასთან, ახლობლების თქმით, ის მუხლი, რომლითაც ედავებიან, არასამართლიანია, რადგანაც მას არაფერი დაუშავებია.
აქვე გეტყვით, რომ ფოცხვერაშვილის ოჯახი და მეგობრები სამართალდამცავ უწყებას 5 საათამდე აძლევენ დროს მის გასათავისუფლებლად.
"დააკავეს პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. სასტიკად გაიმეტეს მაინც და მაინც ეგ ბიჭი. გაქცევის მომენტში წაიქცა და გადაუარა ჯერ ერთმა, მერე მეორემ და ზემოდან დაახტნენ", - ამბობს დაკავებულის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევის პროცესში დაკავებული 12 მოქალაქიდან 11 თავისუფალია, პატიმრობაში მხოლოდ ვანო ფოცხვერაშვილი რჩება.
გუშინ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა.
კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზეც განმარტა, რომ დემონტაჟი კანონიერი იყო.