იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მიერ პირდაპირ ეთერში წარმოთქმული, ფაქტობრივი აღიარების შემდეგ, რომლითაც დასტურდება რუსთავი-2-ის შესახებ დავაში სახელმწიფოს ჩართულობა, პოლიტიკურ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ წულუკიანმა დაადასტურა ის, რაც თავიდანვე იყო ცნობილი.
რასაკვირველია, ეს არ იყო წამოცდენა. წულუკიანი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ ასე ზერელედ არ წამოისროლოს ფრაზები ეთერში. მან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ რუსთავი-2-ის საქმე, ეს იყო ორკესტრირებული, კარგად ორგანიზებული დანაშაული, სახელმწიფოს ჩართულობით.
როცა ეს პროცესი დაიწყო და ბიძინა ივანიშვილმა ზემოდან ქიბარ ხალვაშის მაისური გადაიცვა, მახსოვს, ერთ ცნობილ, მაღალი რანგის დიპლომატს ვხვდებოდით და როგორც კი დავიწყეთ დეტალების მოყოლა, მან გაგვაწყვეტინა და გვითხრა: "შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ, უკვე ყველაფერი ნათელია - ეს ის სცენარია, რაც პუტინისა და "ნტვ"-ს შემთხვევაში იყო", - იხსენებს ზაზა ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა რუსთავი-2-ის წამყვანებს მიმართა: თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ და დაამატა: "ამაში იუსტიციის ტიტანური შრომა დევს".