ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ევროპის მოსახლეობას მოუწოდებს, საახალწლო დღესასწაულებზე ერთმანეთთან სტუმრობისას ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია.
"შეიძლება, უხერხულად გრძნობდეთ ნიღბების ტარებისა და ფიზიკური დაშორების პრაქტიკას მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, მაგრამ ამის გაკეთება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მეგობრებს ან ნათესავებს შეიძლება გაუჭირდეთ ახლობლებისთვის ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნა, ამიტომ გაითვალისწინეთ, რას გრძნობენ სხვები", - წერია WHO-ს განცხადებაში.
WHO-ს მიხედვით, 2021 წლის დასაწყისში ევროპაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის მაღალი რისკია მოსალოდნელი. ამის გამო, შეზღუდვები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამკაცრდა. მათ შორისაა, ნიდერლანდები, სადაც 5-კვირიანი "ლოქდაუნი" გამოცხადდა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები, თეატრები, სპორტული დარბაზები...
შეზღუდვები გამკაცრდა გერმანიაშიც, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური რაოდენობის (952) შემთხვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 73.6 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1.64 მილიონი ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 41.7.
მსოფლიო კორონავირუსთან ერთად პირველი შობა–ახალი წლის შესახვედრად ემზადება.