პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, წელს ახალ წელს განსხვავებულად უნდა შევხვდეთ და ჩვენი ღონისძიებები უფრო მოკრძალებული უნდა იყოს, რასაც მომავალში ეკონომიკის აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით, როგორც სახელმწიფომ ასევე მოქალაქეებმა, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალწელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენ შეიძლება ასე ჩვეულ დიდ წვეულებებს, საახალწლო წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წლს განსაკუთრებული წელია, განსაკუთრებული წელია გამოწვევებით და დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის, თუ როგორ გავართმევთ ჩვენ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს", - თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ტემპი შეჩერებულია რაც მცირედი ოპოტიმიზმის საფუძველს აძლევთ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 001პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა.