თავდასხმა გიორგი რურუაზე - ციხის ორი თანამშრომლის სასამართლო დღეს გაიმართება 

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე, N8 პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომლის სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულებს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

რურუას ადვოკატები კი, ამბობენ, რომ ეს  დაკავება ფორმალურია და რურუაზე თავდასხმა "ოცნების" პოლიტიკური დევნის გაგრძელება იყო.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 17 დეკემებრს, გიორგი რურუას ცემის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს,1 ნოემბერს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. რურუაზე თავდასხმისთვის ციხის 2 თანამშრომელი,16 დეკემბერს დააკავეს. 

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი