პოლიტიკური კრიზისიდან პოლიტიკური ჩიხის ზღურბლზე - მეხუთე რაუნდის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში გონივრული ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოლაპარაკებები ჩაშალოს. ამ დასკვნის საფუძველს მათ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება აძლევს, რომლის მიხედვითაც, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტიებს დაფინანსება შეუწყდებათ, ხოლო ლიდერთან დაკავშირებილი რამდენიმე დეტალის გამო პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ქართულ ოცნებას მოლაპარაკების პროცესის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს,მზადყოფნას გამოთქვამს, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს მეხუთე რაუნდში. 

"ოცნების" განცხადებების მიუხედავად, ჩვენ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებებზე უარს არ ვამბობთ და ჩვენს პოზიციას მათთან ისევ დავაფიქსირებთ, - ამბობს ხატია დეკანოიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული, ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც თვითონ შექმნა, განიმუხტება თუ გაღრმავდება. რასაც ისინი ახლა აკეთებენ, ეს პოლიტიკური კრიზის განმუხტვას არ ემსახურება, პირიქით, მას აღრმავებს, - განაცხადა სერგი კაპანაძემ "ევროპული საქართველოდან".

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და საკითხი დგას ასე: ხელისუფლება რამდენადაა მზად, რომ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს და წამოვიდეს ნამდვილად და არა მოჩვენებითად, ვითომდა მოლაპარაკების და სინამდვილეში, მისი ჩაშლის მიზნით, - თქვა ფიქრია ჩიხრაძემ "ლელოდან". 

შეგახსენებთ, ოპოზიციის ძირითადი მოთამაშეების პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები ვადამდელ არჩევნებს, "ცესკოს" ადმინისტრაციის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, ამასთან, მათ უკვე ოფიციალურად ჩახსნეს პარტიული სიები და უარი თქვეს მანდატებზე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ჩატარდა მოლაპარაკებათა ოთხი რაუნდი, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, თუმცა, კონკრეტული შეთანხმების ნაცვლად, პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს, რადგან მმართველმა პარტიამ, კონკრეტულად კი ირაკლი კობახიძემ, რეპრესიული კანონპროექტის მიღება დააანონსა.

კანონპროექტს უკვე მოჰყვა ნეგატიური შეფასებები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩისა და აშშ-ის სენატორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის, კრიტიკულ განცხადებას აშშ-ის სახ.დეპარტამენტისგანაც ელოდებიან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი