ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გაიმართოს.
კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ შემუშავებული რეპრესიული კანონპროექტები სწორედ დიალოგის მაგიდის გაუქმებასა და მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ემსახურება.
"კონკრეტული ინფორმაცია მეხუთე რაუნდის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ცნობილი არ არის. სამწუხაროდ, მოლაპარაკების სივრცე ძალიან დავიწროვდა "ქართული ოცნების", კერძოდ, ირაკლი კობახიძის ბოლშევიკური ბრიფინგების და მათი რეპრესიების შედეგად. თუმცა, თუ აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების ინიციატივით მოხდება მეხუთე რაუნდის ჩანიშვნა, ოპოზიცია მზად იქნება, მიიღოს მონაწილეობა", - ამბობს "ენმ"-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინათინ ბოკუჩავა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა ჯერი "ქართულ ოცნებაზეა", რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე მტკიცე უარს ამბობს. ოპოზიცია კი, ხელახალ არჩევნებთან ერთად, ისევ "ცესკოს" ადმინისტრაციის ცვლილებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ჩატარდა მოლაპარაკებათა ოთხი რაუნდი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, თუმცა, კონკრეტული შეთანხმების ნაცვლად, პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს, რადგან მმართველმა პარტიამ, კონკრეტულად კი ირაკლი კობახიძემ, რეპრესიული კანონპროექტის მიღება დააანონსა.
კანონპროექტს უკვე მოჰყვა ნეგატიური შეფასებები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩისა და აშშ-ის სენატორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის, კრიტიკულ განცხადებას აშშ-ის სახ.დეპარტამენტისგანაც