დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რემდესივირზე საუბრისას, ამბობს რომ საექიმო პრაქტიკაში ხდება, როცა ექიმები მკაცრ გაიდლაინებს არ იცავენ და პრეპარატებს იყენებენ.
"ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ამ პრეპარატის დანიშვნა არის წინააღმდეგ ჩვენება კოვიდ–ინფიცირებულთა მკურნალობაში, ეს პრეპარატი გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ და შემდგომ გამოყენებული იქნა სწორედ ამ პანდემიის გაზაფხულის ტალღის დროს ძალიან ბევრ კლინიკაში და დღესაც იყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატს არ მისცა რეკომენდაცია, როგორც ფართო მოხმარების პრეპარატს, მაგრამ რეკომენდაცია მას აქვს ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოსი, მისი გარკვეული ჩვენებებით ხმარებისა და ასევე აქვს ამერიკის ინფექციური საზოგადოების რეკომენდაცია, რომ ის, თუ სწორად არის დანიშნული ამცირებს ჰოსპიტალიზაციის დროს.
მე ექიმი ვარ განათლებით, არ ვარ მარტო ჩინოვნიკი, გარდა მკაცრი გაიდლაინებისა, საექიმო პრაქტიკაში არის, როცა გამოცდილი ექიმები იყენებენ ამ პრეპარატს, უნდა აიწონოს სასწორის ორ პინაზე მისი სარგებლობა და ნაკლი, მე ნუ გამომიყვანთ რემდესივირის დამცველად" – თქვა ამირან გამყრელიძემ
აქვე გეტყვით, რომ ამერიკის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას, პაციენტები რემდესივირს მიიღებენ იმისთვის, რომ შემოწმდეს რამდენად ეფექტურია წამალი და აჭარბებს თუ არა მისი სარგებელი, ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებს, რომლებიც რემდესივირის გამოყენებას ახლავს თან.
ამირან გამყრელიძის თქმით, რემდესივირი, რომელიც უკვე საქართველოშია, დაახლოებით 600–700 ავადმყოფისთვისაა საკმარისი და თენგიზ ცერცვაძის კლინიკურ ჯგუფთან შეთანხმებით გამოიყენება.
"პაციენტებზე არ გაიცემა ეს პრეპარატი, პრეპარატი არის მხოლოდ ჰოსპიტალური მოხმარების საშუალება, მას აქვს მხოლოდ პროტოკოლი, რომელიც შემუშავებულია კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს თენგიზ ცერცვაძე. ყველა კლინიკა, სადაც რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობა ჩაითვლება, შეუთანხმებს კლინიკურ ჯგუფს მისი გამოყენების პირობებს. მისი რაოდენობა საკმარისია ქვეყანაში, დაახლოებით 600–700 ავადმყოფზეა გათვლილი და მას აქვს ძალიან მკაცრი ჩვენებები, როდის და დაავადების რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რომ მან მოგვცეს მაქსიმალური ეფექტი. ის არ ინიშნება ყველა ავადმყოფზე და არ ინიშნება მძიმე კრიტიკულ ავადმყოფებზე." – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 740 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 42 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 104 მძიმე პაციენტია, სასუნთქ აპარატზე კი 427 პირი იმყოფება.
მკურნალობა თუ ექსპერიმენტი?- საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყო.
ვიღაცის ახირების გამო ექსპერიმენტებს ატარებენ ადამიანებზე – ექსპერტები რემდესივირზე.
კლინიკურ კვლევაში ჩაერთვება რემდესივირის პრეპარატის გამოყენება - ეკატერინე ტიკარაძე.