საქართველოსთვის მავნე, ოკუპანტი ქვეყნისთვის კი სასარგებლო - ანალიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებენ

გამოქვეყნდა:

ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი გაუაზრებელი განცხადება "კავკასიური პლატფორმის" შექმნის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს და დღის წესრიგს ეხმაურება. 

"ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტს განასახიერებს და აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, რატომ უნდა უნდოდეს, რომ ქვეყანა შეუერთდეს გეგმას, რომელიც რუს ოკუპანტებს ამკვიდრებს ყველა საზღვარზე და საქართველოს საზღვრებს შიგნით. როგორც ჩანს, ის ან თვალს ხუჭავს, ან იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. ეს ნაბიჯი ზურგს უმაგრებს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს რეგიონში", - ამბობს აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯენსი.

ანალიტიკოსების თქმით, პლატფორმის იდეა ხაფანგია, რისი საშუალებითაც, ირანს, რუსეთს და თურქეთს ხელ-ფეხი ეხსნებათ, ჩაერიონ რეგიონის საკითხებში ისე, რომ ევროკავშირიც და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც პროცესებს მიღმა დარჩნენ. 

"სახიფათოა, საქართველომ მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ პლატფორმაში, სადაც არ იქნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი. ამასთან, არის სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას ასეთი წამოწყების კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუნდაც ის, რომ სომხეთს არ აქვს დიპლომატიური ურთერთობა არც აზერბაიჯანთან და არც თურქეთთან და უახლოეს ხანში, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ჰქონდეთ კიდეც და წესით, რუსეთსაც არ უნდა აწყობდეს კავკასიაში ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც ჩამზიარებელი ეყოლებათ სიტუაციაში ირანი და თურქეთი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რაც შეეხება, ამოვარდნილია რეალობიდან", - ამბობს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი.

ანალიტიკოსების აზრით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ინტერესებს. 

"ქალბატონი სალომე, სამწუხაროდ, აგრძელებს ამ ძალიან სევდიან ტრადიციებს, არასწორი განცხადებების გაკეთების. მისი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს საქართველოს ინტერესებს. მავნეა საქართველოს ინტერესებისთვის ის განცხადება, რომელსაც ის აკეთებს და რაც ძალიან ცუდია, ეს ყველაფერი გაკვირვებას და გაოცებას იწვევს ჩვენს სანდო პარტნიორებში, როგორიცაა აშშ", - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ მთავრობა დუმს. 

ცნობისთვის, 11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი "პოზიტიურ ნაბიჯებს" გადადგამს.

ერდოღანმა თქვა, რომ რეგიონული პლატფორმა - რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს - ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ იდეით ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია.

'კავკასიური პლატფორმის' იდეას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა, რასაც მოჰყვა კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან, იან კელისგან, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან, ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი