პოლიტიკური პროტესტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა - ასე აფასებენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს. საიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას კონკრეტული მიზანი უნდა ჰონდეს ამ შემთხვევში კი საქმე პარტიების პარლამენტში იძულებით შეყვანას ეხება.
"სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნები, ამ შემთხვევაში მიზანი არის პარლამენტში შემოყვანა ამ პარტიების, რაც მათი პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, ბოიკოტი არის პარტიის უფლება. ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან, ვგულისმობ კანონპროექტის ინიცირებას, მხოლოდ დასჯის შთაბეჭდილებას ტოვებს", - თქვა საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ.
საია მოუწოდებს პარლამენტს არ მიიღოს წარდგენილი კანონპროექტი.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ერთ ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 23 დეკემბერს განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტების პაკეტი მეორე მოსმენამდე ვენეციის კომისისა და ეუთო/ოდრის გადაეგზავნება. მისი თქმით, მეორე მოსმენა მხოლოდ მათი სამართლებრივი დასკვნის მიღების შემდეგ განახლდება.