ოკუპირებულ ცხინვალში დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, ზაზა გახელაძეს კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივეს პატიმრობა. მას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული მუხლებით, 10 წლამდე ან 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ატივისტი დავით ქაცარავა ავრცელებს.
ანტისაოკუპაციო მოძროაბის დამფუძნებელი ასევე წერს, რომ ისინი სამოქმედო გეგმასაც წარმოადგენენ და როგორც ეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემთხვევაში, ახლაც მსგავსი კამპანია წარიმართება.
ცნობისთვის ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარედ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.
დე ფაქტო ხელისუფლება 33 წლის ტყვეს ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმასა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს.
აქვე შეგახსენებთ, ოკუპანტების ტყვეობაში რჩება გენადი ბესტაევიც, რომელიც ზარდიანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მისივე სახლს, გატაცების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს, მას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ოკუპანტების პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუაც. მას გალში ე.წ აფხაზური დროშის დაწვის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.