ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძილვა. გადაწყვეტილება ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. გახელაძე მეექვსე თვეა ტყვეობაში რჩება.
"არაფერი მოუპარავს, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და რიღას საფუძველი აქვთ, რომ ვერ ჩაუტარეს სასამართლო, ვიცოდეთ მაინც, დაველოდებით იმ დღეს, რომ გამოუშვან, დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია. ამუშავებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენთვის არაფერი მუშაობს დღემდე, არ ვიცი, მუშაობს?!" - თქვა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა.
ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ 5 თვის შემდეგ რაიმე ცვლილებას მაინც ელოდებოდნენ.
"ვის ნერვებზე თამაშობენ არ ვიცი, ვის აწყობს, რომ ის იქ იყოს. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ დაგვიბრუნონ, იქნებ დროულად მოხდეს, დროზე მოხდეს", - ამბობ ის.
ცნობისთვის ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარედ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. დე ფაქტო ხელისუფლება 33 წლის ტყვეს ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმასა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს.
აქვე შეგახსენებთ, ოკუპანტების ტყვეობაში რჩება გენადი ბესტაევიც, რომელიც ზარდიანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მისივე სახლს, გატაცების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს, მას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ოკუპანტების პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუაც. მას გალში ე.წ აფხაზური დროშის დაწვის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.