თბილისის მერია, განმარტებას აკეთებს, ლევან ხაბეიშვილის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მერიამ სამ მილიონად აშშ-სგან სანქცირებული ირანული კომპანიისგან თეთრი ქვები იყიდა.
მერიის წარმომადგენლის თქმით, მათ კონტრაქტი გააფორმეს ქართულ კომპანიასთან, რომელიც სანქცირებული არასდროს ყოფილა. ხოლო ირანულ კომპანიას მერიაში არ ახსენებენ.
"თბილისის მერიამ გააფორმა კონტრაქტი ქართულ კომპანიასთან, რომელიც არანაირად არავისთან მიმართებაში არ არის სანქცირებული და არასოდეს მასთან მიმართებაში თბილისის მერიას სანქცია არ გამოუყენებია, შესაბამისად ის სპეკულაციები, რომლებიც ამ თემაზე მოყოლილია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სატენდერო პირობები იყო აბსოლუტურად გამჭირვალე, ეს კომპანია დევს საიტზე და შეგიძლიათ ნებისმიერ ორგანიზაციას, მედიას გადაამოწმოთ და ნახოთ, რომ ეს კომპანია არც სანქცირებულია და მსგავს პრობლემებში, სკანდალებში, არასდროს არ ყოფილა გახვეული", - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.
ლევან ხაბეიშვილი, თეთრი ქვების შეძენასა და ბიუჯეტის ფლანგვაზე პასუხისმგებლობას კახი კალაძეს აკისრებს.
"დედაქალაქს ტრენდული მერი რომ ჰყავს, მილანიდან რომ ალვის ხეს მოათრევს, მილიონებს რომ იხდის და ზოგადად მილანში ხომ ანაბარივით გააქვს თბილისის ბიუჯეტი, ახლა გადაწყვიტა, რომ სამ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადოს ქვებში და ისეთი ირანული კომპანიიდან ჩამოიტნოს, რომელიც სანქცირებულია აშშ-დან, გვითხრან დედაქალაქში როგორ მოხდა სანქცირებული კომპანიის ტომრებით ქვები, კალაძეა პასუხისმგებელი", - ამბობს ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი
კომპანია Arvand Petrochemical Company-ს , რომლისგანაც თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა შეიძინა, სანქცია 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ფინანსური მხარდაჭერისთვის აქვს დაწესებული.
ვინ და რატომ დაუწესა ირანულ კომპანიას სანქციები - ნახეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სოლიდური თანხით შეიძინა.
თბილისის მერია შეძენილ თეთრ ქვებს კახეთის გზატკეცილზე გზაგამყოფ ზოლზე ყრის. ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ს წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე ავრცელებენ.
ცნობისთვის, დღეს კახი კალაძე, თბილისის მერიაში 2021 წლის ბიუჯეტს და 2020–ის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს. ოპოზიცია ბიუჯეტის განხილვაში არ მონაწილეობს და ამბობს, რომ კალაძე ბიუჯეტის ხარჯზე აპირებს 6 000 მილიონზე მეტით გაუზარდოს ხელფასები მერიის თანამშრომლებს და ბიუჯეტი, რომელიც იფლანგება მოქალაქეებზე მორგებული ვერ იქნება.