ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, ვისაც დღეს ხელფასი ჩაერიცხა თანხას ხაზინას უბრუნებს, ნაწილი კი გეგმავს რომ ფული ქველმოქმედებას მოახმაროს.
ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდა მათრახის თუ თაფლაკვერის პოზიცია გამოიყენოს ოპოზიციასთან საბრძოლველად - ასე აფასებს ენმ-ს წევრი თიკა ბოკუჩავა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვას.
"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ თანხა ჩარიცხვისთანავე დღეს პარლამენტს უკან გადაურიცხა.
ნატო ჩხეიძე კი გეგმავს, ხაშური-ქარელი-გორის ოლქში, სადაც ის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ამ თანხით რამდენიმე ოჯახს დაეხმაროს.
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვას ქართული ოცნების წევრები ბუღალტრულ შეცდომას უწოდებენ.
იგივეს აცხადებს პარლამენტის აპარატი. დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხელფასი ჩაერიცხათ მეცხრე მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომელთა საბანკო რეკვიზიტები საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის სისტემაში იყო რეგისტრირებული, ხოლო მე-10 მოწვევის წევრებს, ვინც რეკვიზიტები არ წარადგინა, არაფერი ჩარიცხვია.