ბიუჯეტს უკან 67 000 ლარი დავუბრუნეთ, ვითხოვთ თანხა ბენეფიციართა კვებაზე დაიხარჯოს - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც მისი თქმით, სურთ, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციართა კვებაზე დაიხარჯოს. ამ თემაზე ნათელაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.

"მე არამარტო უარი ვთქვი ჩემ სადეპუტატო ხელფასზე, არამედ დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისათვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არცერთი ხმა ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს. მე მოვითხოვ ეს 67 000 დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს დეკემბრის თვის ხელფასი ჩაერიცხათ. მართალია, ოპოზიციიდან ხელფასი ყველას არ მიუღია, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი, ვისაც ჩაერიცხა, უკან, ხაზინაში თანხის დაბრუნებას გეგმავენ, ნაწილმა კი ეს უკვე გააკეთა. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ თანხა სრულად დააბრუნა ხაზინის ანგარიშზე, ხოლო "ენმ ძალა ერთობაშიას" წვრმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ საფიქრალი გაუჩნდა, რა უყოს ამ თანხას.

რაც შეეხება პარლამენტის აპარატს, განმარტება მანაც გააკეთა. მათი ინფორმაციით, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი