კორონავირუსის ახალი და უფრო გადამდები ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა - ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველო ვირუსის ახალი შტამის გავრცელებას ვერ გაუმკლავდება.
აქვე გეტყვით, რომ პაატა იმნაძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში 5 შემთხვევას იკვლევენ და არსებობს ეჭვი, რომ ინფიცირება კორონავირუსის ახალ ვარიანტს უკავშირდება.
"ახალი შტამი ისე სწრაფად ედება ყველაფერს, საქართველოში დღეს თუ არა, ხვალ გავრცელდება. ამისთვის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მზადყონა. სამწუხაროდ, "ლოქდაუნი" ისევ არაეფექტურადაა გამოყენებული. ახალი შტამის გავრცელების პირობებში - თუნდაც მძიმედ არ მიმდინარეობდეს - მეტი დაინფიცირება ნიშნავს მეტ ლეტალურ და კრიტიკულ შემთხვევას", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ამასთან, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვირუსის მუტაცია მოსალოდნელი იყო.
"ახალი შტამები გაჩნდება. მუტაციაში რაიმე საშიშროება და ახალი არაფერი არ არის. იგივე წესები უნდა დავიცვათ. მთავარია, შტამი არ გახდეს ჩაკეტვის მიზეზი", - ამბობს ვატო სურგულაძე.
თავის მხრივ, ლევან ანთაძე ამბობს, რომ აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავოს რეაგირების გეგმა, რათა ახალი ვარიანტის დადასტურებისთვის მზად იყოს.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს; მოგვიანებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც.
შეგახსენებთ, რომ VOC-202012/01-ით ინფიცირებული აღმოჩნდა ინგლისიდან საფრანგეთში ჩასული მოქალაქეც.
რა ვიცით COVID-19-ის ახალ ვარიანტზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.