
სამოქალაქო აქტივისტები რუსეთის საელჩოსთან ტრანსფარანტებით - “რუსეთი ოკუპანტია”, “თავისუფლება ოკუპანტის ტყვეებს” - შეიკრიბნენ.
მათ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ოკუპანტების მიერ დაკავებული და გატაცებული მოქალაქეები და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.
"წელიწადზე მეტია, თვალს ვადევნებთ ხელისუფლების არაეფექტურ ქმედებას. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფიასკო მისი. აქედან ვიწყებთ საპროტესტო აქციების კამპანიას. შემდეგი აქცია გაიმართება ზაზა გახელაძის გატაცების ადგილას, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგი იქნება, უკვე, ენგურის ხიდი", - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა.
აქციას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და ოპოზიციის წევრებიც შეუერთდნენ.
"ვალდებული ვარ ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩემს სამშობლოს. დღეს ეს არის ოკუპაციის პრობლემა. ჩვენი მოქალაქეები დაკავებული არიან ცხინვალის და სოხუმის ციხეებში უკანონოდ და პირველ რიგში, აუცილებელია მათი გათავისუფლება", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარედ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. დე ფაქტო ხელისუფლება 33 წლის ტყვეს ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმასა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს. მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე, ოკუპანტების ტყვეობაში რჩება გენადი ბესტაევიც, რომელიც ზარდიანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მისივე სახლს, გატაცების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს, მას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ოკუპანტების პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუაც. მას გალში ე.წ აფხაზური დროშის დაწვის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტები ბოლოს 2 დღის წინ, 28 დეკემბერს გააქტიურდნენ. ფახულანი–საბერიოს მონაკვეთის 22 კილომეტრიან ზოლზე, რუსმა მათ ახალი მავთულხლართების გაყვანა და გზის დაგება დაიწყეს.