
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, სოციალურ ქსელ ტვიტერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამუდამოდ დაბლოკვის გამო აკრიტიკებს.
"ვფიქრობ, რომ ტრამპის დაბლოკვა მიუღებელია... ტვიტერის გადაწყვეტილება ემოციურია და ემყარება პოლიტიკურ პრეფერენციებს. არავინ მითხრათ, რომ ტრამპმა წესები დაარღვია - ტვიტერზე სიკვდილით მემუქრებიან ყოველდღიურად და სოციალურ ქსელს ჯერ არავინ დაუბლოკავს. ამ პრეცედენტს სიტყვის თავისუფლების მტრები გამოიყენებენ, მათ შორის, რუსეთში. როცა ვინმეს გაჩუმება დასჭირდებათ, იტყვიან: "ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ტრამპიც კი დაბლოკეს ტვიტერზე", - წერს ნავალნი.
საბოლოოდ, პუტინის მთავარი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ პლატფორმის გადაწყვეტილება შერჩევითი იყო.
"მათ შორის, ვისაც ტვიტერის ანგარიში აქვს, ცივსისხლიანი მკვლელებიც არიან (პუტინი ან მადურო), მატყუარებიც და ქურდებიც (მედვედევი). წლებია, რაც ტვიტერი, ფეისბუქი და ინსტაგრამი გამოიყენება პუტინისა და სხვა ავტორიტარული ქვეყნების "ტროლების ქარხანად", - ვკითხულობს ნავალნის ტვიტში.
შეგახენებთ, რომ ტვიტერმა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში გუშინ, 9 იანვარს, სამუდამოდ გააუქმა. მათი განმარტებით, მიზეზი ძალადობის წაქეზების საფრთხე გახდა.