სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებაში მყოფი ერთერთი პატიმრის მეგობარი "მთავართან" ჰყვება პატიმართან საუბრის დეტალებს, სადაც მსჯავრდებული აღწერს, რამდენად მძიმე კოვიდვითარებაა ციხეებში.
"ურთულესი მდგომარეობააო, მთელი ციხე ვართ ისე ცუდად, რომ პატიმრები ციხიდანაც ვერ ვდგებითო, პირადად მე ვიწექიო 40 გრადუსი სიცხით, მერე მთელი კამერა და ადამიანს კარები არ შემოუღია ჩვენთვისო, წასმალიც კი არ მოუტანიათ და არ მოვუკითხივართ, როგორ ვიყავითო, ისე იხოცებიან ბიჭები, პატრონი არ გვყავს მომკითხავი, მთელი ციხე გადსაყვანი იქნებაო... როცა ვკითხე, ტესტირება ხომ გიტარდებათო, სიცილად არ ეყო, რა ტესტირება, დაგვცინიხარო? დღემდე აქ ერთი ტესტიც არავის ჩატარებია, არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ გეხვეწებითო, რამე გვიშველეთ, თორემ ვიხოცებითო..." - ჰყვება პატიმრის მეგობარი.
რთული მდგომარეობის შესახებ ჰყვებიან ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან გლდანის ციხის პატიმრებიც. მათმა ახლობლებმა დღეს ქუთაისში აქცია მოაწყვეს, შემდეგ კი გეგუთის ციხესთან გადაინაცვლეს. აქციები იყო სხვა ციხეებთანაც. პენტიტენციურ სამსახურში კი ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლდება.
შეგახსენებთ, ამის პარალელურად პატიმართა ოჯახის წევრებისგან ვრცელდება ცნობები, რომ ციხეებში ეპიდაფეთქებაა და ვირუსი ციხის ადმინისტრაციასაც უდასტურდება.
პატიმართა ოჯახის წევრები აქციებს აგრძელებენ და ამნისტიის მუხლების აფართოებას ითხოვენ, რომ თითოეული პატიმრის სასჯელის ვადის 1/4-ს მაინც შეეხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
პარლამენტში 11 იანვარს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენაა რომელიც ხმაურის ფონზე ჩაივლის - პატიმართა ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
პენიტენციური: გეგუთის ციხეში 763 პატიმარს ჩაუტარდა ტესტირება, ყველა პასუხი უარყოფითია