ბაკურიანში, მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, მოქალაქეები სხვადასხვა საოჯახო სასტუმროში დასვენებას მაინც ახერხებენ.
ადამიანები კი ვისთვისაც ტურიზმისგან შესული თანხა შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა, მთავრობის მიერ უსასრულოდ გამოცხადებული ლოქდაუნის გამო, ახლა მინიმალურ შემოსავალზე არიან დამოკიდებულები. როგორც სახლის მეპატრონეები განმარტავენ, თუ დამსვენებელს არ მიიღებენ, ბანკის ვალებს ვერ გადაიხდიან.
ბაკურიანი არ არის ერთადერთი კურორტი, სადაც მთავრობის შეზღუდვების პარალელურად, მოსახლეობა დასასვენებლად ჩადის.
სვანეთში, საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ თუ სეზონზე ვერ იმუშავებენ, მძიმე რეალობის წინაშე მარტო დარჩებიან. ამიტომ, იძულებულები არიან, რომ მკაცრი შეზღუდვებს გვერდი აუარონ და დამსვენებელი მიიღონ.
ქვეყანაში ტურიზმის სექტორი განადგურდა- ამაზე სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი საუბრობს. შალვა ალავერდაშვილის თქმით, მთავრობას ამ დრომდე არ წარუდგენია სტრატეგია, თუ როდის აღდგება ტურისტული მიმოსვლა და როგორ უნდა იმუშაონ სასტუმროებმა.
სასტუმროების ბიზნესის გარდა მწვავე კრიზისის წინაშე დგანან რესტორნების მფლობელებიც. გახსნას 16 იანვრისთვის გეგმავდნენ, თუმცა შეზღუდვების გახანგრძლივების გამო, იმედი აღარ აქვთ, რომ პირველ თებერვალს მაინც შეძლებენ მომხმარებლის მიღებას. ამბობენ, რომ თუ მუშაობას თებერვლიდან არ განაახლებენ, გაკოტრების პირას აღმოჩნდებიან.
როდის განაახლებს სარესტორნო ბიზნესი მუშაობას, ეს ამ დრომდე უცნობია. ბიზნესმენებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალ შედგება და მომდევნო კვირას გახდება ცნობილი, შეძლებენ თუ არა ბიზნესმენები პირველი თებერვლიდან მუშაობის განახლებას.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი