კიდევ 2 კვირით გაჩერებული ბიზნესი, რომელიც 16 იანვარს გახსნას ელოდებოდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. სფეროს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მთავრობა მათ შეხვდეს და გააცნობს კონკრეტული გეგმა როდის, რა რეგულაციების დაცვით აპირებს მათთვის მუშაობის უფლების მიცემას.
"მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროები ჯერჯერობით დაანონსებულია, რომ პირველ თებერვალს ვიხსნებით, თუმცა ვითხოვთ კერძო სექტორი, საჯარო სექტორთან ერთად შეხვედრას და დასხდომას, რომ დავიწყოთ უკვე კონსულტაციები, რადგან ორი კვირა რჩება დაანონსებულ გახსნამდე, რა პირობებით, რა წესებით იხსნება კურორტი. ვინაიდან ორი კვირა რჩება, სასტუმროებს, ბუნებრივია სჭირდებათ დრო მოსამზადებლად, ამიტომ დაუყოვნებლივ ვთხოვთ შესაბამის სამთავრობო უწყებებს დაიწყონ ჩვენთან კონსულტაციები", - თქვა "მარკო პოლო გუდაურის" ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, გვანცა მირზაშვილმა.
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ რეკლამის გასაკეთებელად, პერსონალის მოსამზადებლად პირველ თებერვლამდე თანხის გადახდაა საჭირო და თუ ეტყვიან, რომ არ გაიხსენაბა გაწეული ხარჯი ფუჭი იქნება.
"აუცილებელია იყოს კონკრეტული გეგმა, რომ ადამიანებმა იცოდნენ რა იხსნება, რა არ იხსნება, რა შეზღუდვებია, რომ ჩვენ ნორმალური ცხოვრება ყველამ გავაგრძელოთ და მითუმეტეს ბიზნესმა იცოდეს რისი უფლება აქვს და რისი არა", - ამბობს მერსედეს ბენზ ფეშენ ვიკის დამფუძნებელი, სოფო ჭყონია.
ბიზნეს სექტორისთვის ჯერ ხელისუფლებას შეხვედრასთან დაკავშირებით არ უპასუხია.