
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "გავრილოვის ღამე" "ნაციონალური მოძრაობის წევრის" ნიკა მელიას ღამეა, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.
"გავრილოვის ღამე ეს არის თქვენი თიკუნი, ეს არის მელიას ღამე, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო სააკაშვილის დავალებით. ეს იყო შტურმი. კობახიძეს არავისთვის დაუთმია თავის სავარძელი", - თქვა ლაშა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ გავრილოვის ღამის შემდეგ ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო. ამ ფაქტს საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტი მოჰყვა, რომელიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა.
2019 წლის 20 ივნისის ღამეს, მოქალაქეებს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა გააპროტესტა, სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ.
"ქართული ოცნების" ყრილობაზე მისული ნაცვლიშვილი კი ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე გუნდის კაშკაშა ვარსკვლავია, ხოლო თავად პარტია "ლიდერთა თანავარსკვლავედი".
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მეექვსე ყრილობა დღეს იმართება. პარტია ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ოფიციალურად აირჩევს. პარალელურად მიმდინარეობს აქციაც, სადაც რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი უკვე დააკავეს.