სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და ციხის ადმინისტრაცია სინქრონულად მოქმედებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების წინააღმდეგ.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს ატყობინებს, როდის შედიან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ციხეში, რადგან სპეციალური ტანისამოსით შეფუთულ თანამშრომლებს, პატიმრები ვერ უნდა ცნობდნენ.
ბურჯანაძე ამბობს, რომ პატიმრები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით ემუქრებიან.
"ეს არის სინქრონი, კრიმინალური ავტორიტეტების და ადმინისტრაციის, ციხის სამართავად, იმისთვის, რომ ციხეში მოჩვენებითი წესრიგი არსებობდეს და შეიქმნას ატმოსფერო იმასთან დაკავშირებით, რომ "ყველაფერი რიგზეა", ბუნებრივია ამ ყველაფერში ადმინისტრაციას ძალიან დიდი წვლილი აქვს, შეუძლებელია ადმინისტრაცია ამის შესახებ არ იყოს მათთან კავშირში და მეტიც, ჩვენ რამდენიმე ვიზიტი რაც განვახორციელეთ, ჩვენი თანამშრომლების იქ ყოფნის შესახებ, არცერთ პატიმარს არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თანამშრომლები და ჩვენ ყველა გადავაადგილდებით შეფუთულები, შესაბამისი დამცავი საშუალებებით და შეუძლებელია განასხვავო იქ სახალხო დამცველის წარმომადგენელია, ექიმი, თუ ნებისმიერი სხვა პირი.
ჩვენ, ჩვენი თვალით არ გვინახავს თქმის მომენტი, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადმინისტრაცია ახდენს ჩვენი თანამშრომლების შესახებ ინფორმირებას კონკრეტული პატიმრების, რომლებიც შემდგომ, ბუნებრივია ახორციელებენ აგრესიას ჩვენი თანამშრომლების მიმართ. ეს აგრესიული ქმედებები არის სიტყვიერი შეურაცხყოფები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მუქარა, რომ მათ სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებათ, თუ ისინი თავიანთი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა, ერთი და იგივე პატიმართა ჯგუფის მხრიდან." ,– ამბობს საქართველოს სახალო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალის გაზრდაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს სახალხო დამცველის გაჩუმებას.
ამავე თემაზე: