ნიკა გვარამიას საქმის განახლება ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გაცოცხლდება - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური რეპრესიების ახალი სერია. ხელისუფლების სამიზნე ამჯერად "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა.

ოპოზიციისთვის ცხადია, რომ ნიკა გვარამია არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისი საქმესაც საგამოძიებო უწყება თაროდან, ხელახალი დევნის დასაწყებად გადმოიღებს.

"თუ შეთანხმება ჩაშალა "ქართული ოცნების" მიზეზით და თუ ამ შეთანხმების ჩაშლის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ გრძელდება შეკერილი გაყალბებული სასამართლო საქმეები, დამოუკიდებელი მასმედიის და პოლიტიკოსების წინააღდეგ, ეს ნიშნავს განაცხადს, რომ "ქართული ოცნება" ადგება პოლიტიკური რეპრესიების გზას", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, სალომე სამადაშვილი 

"ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მსგავსი საქმეები გაიღვიძებს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო, ჩვენ არ გაგვაჩნია თავისუფალი პროკურატურა, ჩვენ გაგვაჩნია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სწორედ, ნიკა გვარამიას გამოძახება არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თაროზე შემოდებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გაცოცხლდება", - ამბობს "ლელოს" ერთერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, წინა სასამართლომ პროცესი პირველ დეკემბერსაც ჩანიშნა და ის წესით 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო. იმავე დღეს ჩაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა მელიას პროცესებიც, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ ყველა მათგანი გაურკვეველი ვადით გადადო.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი