ე.წ. კარტოგრაფების საქმის აუდიო-ვიდეო მასალებს დღეს ადვოკატები გაეცნობიან. ვინ ფიგურირებს ჩანაწერებში და რისთვის ემზადება პროკურატურა, ეს მასალების ნახვის შემდეგ გაირკვევა, თუმცა მანამდე საგამოძიებო უწყებას სურს დაამტკიცოს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არა მარტო, არამედ ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
"თუ ნორმალური ჩანაწერია იქ ცუდი არაფერი უნდა იყოს და თუ იმედი იკადრეს, რომ რაღაც დაამონტაჟეს და რაღაც შეთითხნეს კიდევ მაგის მხრივაც, უკვე იმდენი უსამართლობა ვნახე იმ სასამართლოში, რომ არც ეგ გამიკვირდება. არც კომისიის დარდი აქვთ მაგათ და ესენიც საჩვენებლად დაიჭირეს, მთავარია, რომ ზემდგომ ვიღაცეებზე უნდათ მიწვდენა და ვისზე ახლა ვნახავთ ამ აუდიო ჩანაწერებით და გავიგებთ ვინ ჰყავთ მიზანში", - თქვა ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ.
ვიდრე პროკურატურა საქმის მასალების ამ ნაწილს გაასაჯაროვებს, მტკიცებულებების ავთენტიკურობაში ეჭვი ადვოკატებთან ერთად, დაკავებულების ოჯახებსაც ეპარებათ.
"დღეს გადმოგვეცემა პროკურატურის მიერ სრული მტკიცებულებები რაც კი მოიპოვება საქმეში, მათ შორის გადმოგვეცემა ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დაოკუმენტაცია. ეს ორი ადამიანი გამოიყენეს თავიანთი მიზნებისათვის, რომ სწორედ კონკრეტულ პირებამდე თუ პირამდე მივიდნენ მათი მეშვეობით, რაც უფრო მეტად გავეცნობით საქმის მასალებს უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ არანაირი დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება", - ამბობ ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე.
აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, გუშინ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.