პროტესტი ფორმალურად შემსუბუქებულ შეზღუდვებს - ხვალ და ზეგ რამდენიმე აქციაა დაგეგმილი

გამოქვეყნდა:

მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის პირველი თებერვლიდან ისევ ძალაში დატოვებას თბილისსა და რეგიონებში პროტესტის ახალი ტალღა მოყვება. რამდენიმე აქცია დედაქალაში და ბათუმშია დაგეგმილი. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ. 

კვირას, 24 იანვარს მზიურში აქციას გეგმავენ მშობლები, რომლებიც სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის გეგმას ითხოვენ. მშობლების აქცია 16 საათზეა დაანონსებული.

"იქიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც გვაქვს ამ დრომდე დიდად არ ვართ იმედიანად განწყობილი კონსტრუქციულობაზე და ადეკვატურობაზე ჩვენი მოთხოვნების განხილვაზე, ველოდებით, რომ ალბათ მოგვიწევს უფრო ხმაურიანი ბრძოლაც", - თქვა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნინო რობაქიძემ. 

ტრანსპორტის გახსნისა და კომენდატნის საათის გაუქმების მოთხოვნით, ორშაბათს, 25 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ "ახალგაზრდა მწვანეები". 

"არ შეიძლება ტრანსპორტის შეზღუდვა ამდენი ხნით ეკონომიკურად ესეთი ღარიბი მოსახლეობა გყავდეს, ამდენი ხანი უკეტავდე ტრანსპორტს და ეუბნებოდე, რომ ტაქსით იარე. მოვითხოვთ, რომ პირველი თებერვლიდან აღადგინონ ტრანსპორტი, ორშაბათს, 4 საათზე იქნება პირველი აქცია, არგვაქვს ილუზია, რომ მოგვისმენენ პირველივე აქციაზე და შეცვლიან რაღაცას, გაგრძელდება, აუცილებლად", - თქვა "მწვანეების" წვერმა, მიშო ჯიბლაძემ.

მოქალაქეების მიერ დაგეგმილ აქციებს მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ და პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ, რომლებმაც ხვალ, 2 საათზე კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეებს მისვლა სთხოვეს. 

"ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე და ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ, რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. ეს არის უბრალოდ მონობის დაანონსება", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ აქციას როგორც რიგითი ადამიანი ისე უერთდება და სხვებსაც სთხოვს, რომ დაორგანიზებულ საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდნენ. ზურა ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას უბრალოდ ატყუებს და ცდილობს პროტესტი ჩაკლან ადამიანებში, სინამდვილეში კი ქვეყნის ეკონომიკა ბოლომდე ჩამოიშალა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ 22 იანვარს განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება, გეგმა სხვადასხვა ქალაქს სხვადასხვანაირად ეხება, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდატის საათი და საქალაქთაშორისო აკრძალავა. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი