ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ხმაურია. ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრის დაკავებას აპროტესტებენ.
ისინი აცხადებენ რომ ირაკლი ფანგანი არაკანონიერად, პოლიტიკური მოტივით და "ქართული ოცნების" დაკვეთით დააკავეს.
აქციის მონაწილეები პარალელს ავლებენ "ევროპული საქარველოს" დეპუტატზე თავდასხმის შემთხვევასთან, როდესაც პეტრე ზამბახიძეს ქართული ოცნების აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს, თუმცა ამ ფაქტს პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და არც არავინ დაუკავებიათ.
აჭარის პოლიციასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული და ისინი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ირაკლი ფანგანი დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს. ინციდენტი ბათუმში გუშინ მოხდა. შსს-მ გამოძიება დევნასა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე