ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი თავისუფალია. ინფორმაციას "ალტერნატივა" ფეისბუქით ავრცელებს. ის ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა.
"საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფანგანი შსს-მ ბათუმის ინციდენტის გამო დააკავა. მან დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვლს ნაგავი გადააყარა. პროტესტის მიზეზი კი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დატოვა და უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.