მე ვარ რესტორანი, თუ გინდა, მოდიხარ ჭამ, თუ არ გინდა, ეგდე სახლში. თუ ტრანსპორტის გეშინია, ნუ ახვალ - ზურა ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებას 24 საათზე ნაკლები დრო დრჩება იმ გადაწყვეტილების შესაცვლელად, რომელიც დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას უკავშირდება.

48 საათიანი ვადა  "ქართულ ოცნებას" კვირას, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ აქციაზე მისცეს.

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ერთერთია, რომელიც უკლებლივ ყველა შეზღუდვის მოხსნას და ჩაკეტილი ქვეყნის სრულად გახსნას ითხოვს: 

მარტივია: მე ვარ თეატრი, გინდა მოსვლა, მოდიხარ, შენი პასუხისმგებლობაა, თუ არა და ეგდე სახლში.

მე ვარ რესტორანი, თუ გინდა, მოდიხარ ჭამ, მე გემსახურები, თუ არ გინდა, ეგდე სახლში.

მე ვარ ჯიმი, ვვარჯიშობთ აქ ხალხი, თუ გინდა, მოდიხარ, ვარჯიშობ, თუ არადა კისერი გიტეხია.

თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეშინია, ნუ ახვალ, მე მჭირდება.

მარტივი რამეა, ყველა იღებს პასუხისმგებლობას თავის ქცევაზე და

მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს არ ითხოვთ" წერს ჯაფარიძე "ფეისბუქზე".

იქამდე კი ვიდრე მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს დედაქალაქი პროტესტმა მოიცვა. უკვე 2 დღეა სხვადასხვა ლოკაციაზე სამოქალაქო აქტივისტებისა და უბრალო მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ეწყობა აქცია-პერფორმანსები, რითაც ხალხი იმ დაუსრულებელ შეზღუდვებს და კომენდანტის საათს აპროტესტებს, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა და დაპირების მიუხედავად აქამდე არ მოხსნილა.

ხალხი ყველაზე მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას ითხოვს.

კვირას აქცია შეუერთდნენ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები.

კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად სიმბოლურად აქცია-მსვლელობა ამავე დღეს, ზუსტად 21 საათიდან დაიწყო.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, შემდეგ ორთაჭალის შსს-ს, ბოლოს კი აქცია პარლამენტთან დასრულდა.

შეზღუდვები გააპროტესტეს ქორეოგრაფებმა და მოცეკვავეებმაც, რომლებიც თითქმის 1 წელია შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.

უკვე დიდი ხანია მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ ტურიზმის, სპორტდარბაზებისა და სარესტრორნო სფეროს წარმომადგენლები. 

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" "კოფისტას" ქსელის დირექტორმა ეჭვი გამოთქვა, რომ კვების ობიექტებს გახსნის უფლებას არც 1 მარტიდან მისცემენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი