გელათის მონასტრის 70% ისევ თუნუქის ფირფიტებშია მოქცეული. ახალმა კომპანიამ სამუშაოები ოთხი დღეა დაიწყო, სახურავზე საწვიმარი არხების სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს, რადგან გაწვიმებისას ისტორიული ტაძარი ისევვ წყლით არ ჩაირეცხოს. ხელისუფლების მიერ შეცვლილი კომპანიის კომპეტენციის არ სჯერათ სფეროს სპეციალისტებს და დაუყონებლივ სარეაბილიტაციო სამუშაოებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.
დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მონასტერი ისევ საფრთხეშია, ისინი შპს "ბაგინეთი +"-ს სკეპტიკურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს მოჩვენებითად და არაჯეროვნად ასრულებს. ბრალდებას უპასუხეს კომპანიაშიც, სადაც ამბობენ, რომ ამჯერად ისინი წინა კომპანიების მიერ ცუდად შესრულებული სამუშაოს ასწორებენ, ასევე, მიმდინარეობს მონასტრის ხარაჩოებში მოქცევა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
"განსაკუთრებულ მოლოდინებს ახალი კომპანიის ამ ეზოში შემოსვლისთ სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვერ შევიქმნით, რამდენადაც პასუხისმგებლობა ისევ სრულად ეკისრებს სააგენტოს, მის მიერ იყო ყველა პროექტი შედგენილი და დამტკიცებული. თუკი პროექტთან შეუსაბამაო საქმიანობა ტარდებოდა ადრევე უნდა ყოფილიყო გამოკვეთილი", ამბობს, "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი.
მისი თქმით, ახლა აქცენტი დროებით გადახურვაზეა გადატანილი, თუმცა საუბარი არაა ხატების კონსერვაციაზე, წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გადახურვაზე. ამავე ორგანიზაციის წევრის, ვახტან სიხარულიძის თქმით, ყველაფრის გადაბრალება შემსრულებელ კომპანიაზე უსამართლობაა და პრობლემები ზემოდან მოდის.
"ახლა, ამ ეტაპზე წყალი არ ჩაედინება შიგნით, რომ გაწვიმდეს ეს დროებითი გადახურვა ამ ეტაპზე მუშაობს, მაგრამ ჩამაგრების ნაწილზე მიმდინარეობს მსჯელობა სპეციალისტებთან", - ამბობს "ბაგინეთი +"-ის სამუშაოების ხელმძღვანელი არჩილ ყიფიანი.
მისი შეფასებით, წინამორბედი კომპანიების მიერ სამუშაოების შესრულება "უკეთაც შეიძლებოდა".
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა ხელახალი სახურავიდან მონასტერში წყალი ჩავიდა და ისტორიული ფრესკები ჩაირეცხა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, დროებითი გადახურვის ჩამოგნრევის მიზეზი ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომები იყო.
მათივე განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. წინა ორი კომპანია კი, ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო დაჯარიმდა.