პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული და ამჟამად "ევროპელი სოციალისტების" წევრი, დავით ზილფიამიანი ამბობს, რომ საქართველოში მოქალაქეების ღირსება სათანადოდ არ არის დაცული და საჭიროა, რომ ამ თემაზე რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავონ. ეს აზრი მან პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.
მისი თქმით, აქტუალურ საკითხებს შორის ბოლო დღეებში წამოიწია ამ თემამ.
"ჩვენს ქვეყანაში არ არის სათანადო დონეზე ჩვენი მოქალაქეების ღირსების დაცვა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი რაღაცა ფორმით ან საკანონმდებლო ინიციატივით იქნეს დაცული და შემუშავებული. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს გამოწვეული არ არის მარტო იმ ამაზრზენი ფაქტით, რაც ამასწინათ მოხდა, როცა შვილიშვილის ტოლმა ბიჭმა ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედება განახორციელა ადამიანის მიმართ, რომელიც ნამდვილად ღირსების აყრა იყო. აქ იქ მხოლოდ იმ ერთ ახალგაზრდა ბიჭზე არაა ლაპარაკი, თქვენ იცით, რომ მთელი ზღვა არის ღირსების შელახვებისა ჩვენს ირგვლივ და საუბედუროდ, ჩვენი მოთმენის ვალდებულების გამო ხშირად არ ვრეაგირებთ, მაგრამ რაღაცა ფორმა, რაღაც კანონმდებლობა ამ მიმართულებით უნდა შემუშავდეს" - თქვა დავით ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ,ირაკლი ფანგანმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვლს ნაგავი გადააყარა. პროტესტის მიზეზი კი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დატოვა და უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლოს წინ ფანგანმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, მას სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დეპუტატთან მიახლოვება აუკრძალა.