ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიებამ მოიპოვა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები და რომ "ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება".
პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმითვე, დადგენილია მოტივიც, ანუ ის, რომ ბრალკდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების მითითებების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, სადრაძის თქმით, გამოძიების აქცენტი დღეიდან მიმართულია სწორედ ამ პირების იდენტიფიცირებისკენ, ხოო ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას პროკურატურა ვერ ხედავს და სასამართლოს მიმართავს, მათთვის გირაოს შესაფარდებლად.
"მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები, მათი ნაწილი გავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება, ამავე დროს, ვნახეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დირექტივების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი მოქმედებები არის მიმართული მაღალი თანამდებობის პირების გამოვლენისკენ, მათ შორის ერთი მათგანი ახლა იკითხება, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მივმართავთ, რომ ბრალდებულებს შეეფარდოთ გირაო, რადგან პატიმრობაში მათი დატოვების აუცილებლობას ვერ ვხედავთ", - აცხადებს მიხეილ სადრაძე, პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 28 იანვარს 2 საათზე დაიწყება. ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც აპირებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება კარტოგრაფების გათავისუფლება იქნება.
შეგახსენებთ ასევე, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.
პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.
აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.