ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავას თქმით, შეუძლებელია ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას. მისი განცხადებით, აქედან გამომდინარე მთავრობის ნაბიჯებს ეტაპობრივობა უნდა ახასიათებდეს.
"მძიმეა, ნამდვილად მათი მდგომარეობა, ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ", - თქვა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეს კვირა ეკონომიკურმა გუნდმა მთლიანად ამ სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაუთმო.
"პირველი თებერვლიდან იხსნებიან სავაჭრო ცენტრები, მოლები, მცირე და დიდი მაღაზიები, ეს არ არის მარტო დიდი შოპინგ-მოლები, ეს არის მცირე მაღაზიები, ინდმეწარმეები და ა.შ. 15 თებერვლიდან, თუ არ მოგვეცა ამის საშუალება მანამდე, იხსნებიან ბაზრობები ძალიან ფრთხილად. ვსაუბრობთ სკოლებზე. ვსაუბრობთ ტრანსპორტზე, რომელიც მერწმუნეთ, არ მიწყენენ რესტორნები, არის არანაკლებ და ალბათ, უფრო მეტად პრიორიტეტული, იმიტომ, რომ უფრო მეტ რაოდენობა ადამიანს ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ", - თქვა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, აუხსნეს სექტორის წარმომადგენლებს სიტუაცია, თუ რატომ ერიდებიან გახსნაზე კონკრეტული თარიღის დასახელებას და მათ გაიგეს მთავრობის ლოგიკა.
"კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს და მე მესმის მათი პრობლემების, მესმის რომ მათი პროტესტი არ არის პოლიტიზებული აქტი, არამედ მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი, მე ამის დიდი იმედი მაქვს და რწმენა, რომ ეს ასეც იქნება და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორ კი მოგვცემს საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარება, გავხსნათ მათ შორის ღია სივრცეები რესტორნებშიც", - თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 30 იანვარს რესტორნები და კვების ობიექტები პროტესტის ნიშნად 24 საათით იფიცებიან და მუშაობას წყვეტენ. ისინი 3 საათზე მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. გაფიცვაში ამ დროის მონაცმებით 120-ზე მეტი ბიზნესი ჩაერთო.