"არ არის ჰაერი!" - ასე პასუხობს "მოქალაქეების" ლიდერი "მთავარ არხზე, გადაცემაში "მთავარი დებატები" გადაცემის წამყვანის თამარ ბაღაშვილის შეკითხვას მემორანდუმში ჩაწერილ პირობებთან დაკავშირებით - "ეს ხომ ჰაერია, ბატონო ალეკო? საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება..."
კითხვაზე პასუხში ალეკო ელისაშვილმა მემორანდუმში შეტანილი საარჩევნო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ჩანაწერები დაუკავშირა თავის მოლოდინს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა და საკონსტიტუციოცვლილებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა მოგროვდება.
"არა, ჰაერი არ არის... შემოვიდეს ოპოზიცია, ერთი დღით მაინც შემოვიდეს, როცა ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება. 113 ხმა არის საჭირო, 17 მანდატი არის უკვე დამატებით საჭირო. ერთი დღით შემოვიდეს და ეს შეიცვლება", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, პატიმრობიდან კარტოგრაფების გათავისუფლების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ რომ ეს იყო ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შედეგი.
ციხიდან გათავისუფლებულმა ერთერთმა კარტოგრაფმა, ივერი მელაშვილმა იმავე დღეს განაცხადა, რომ არ უნდა მისი საქმე ვინმემ პარლამენტში შესასვლელად გამოიყენოს და ვაჭრობის საგანს წარმოადგენდეს.
29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება გააფორმეს და განაცხადეს, რომ პარლამენტში შედიან.