სდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია, რომელიც ენმ-ს საპარლამენტო სიაში იყო და ერთპარტიულმა საკანონმდებლო ორგანო სადეპუტატო მანდატი არ შეუწყვიტა, ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.
ჯანაშია წერს, რომ მიიღო შეტყობინება, სადაც მისგან, როგორც საჯარო მოხელისგან ქონებრივი დეკლარაციის შევსებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმება და სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება.
ჯანაშია წერს, რომ პარლამენტმა მანდატის არშეწყვეტით რეგლამენტი დაარღვია, შესაბამისად ქონებრივი დეკლარაციის შევსების მოთხოვნაც უკანონოა.
მივმართე საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, რაზედაც პარლამენტმა სრულიად დაუსაბუთებლად და ყველანაირი არგუმენტის გარეშე მითხრა უარი. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, რის მიხედვითაც თუ პარლამენტის წევრი წერილობით მიმართავს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს საკითხი და დასაბუთებულად უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. ჩემს შემთხვევაში კი არ ქონია ადგილი არანაირ დასაბუთებას და აქედან გამომდინარე ჩემს განცხადებაზე უარის თქმა მოხდა ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. ამის შემდეგ ვიღებ წერილს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ახდენენ ზეწოლას ჩემზე და ითხოვენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებას, რადგან მე ვარ თანამდებობის პირი მიუხედავად იმისა რომ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სრულიად დაუსაბუთებლად არ დამიკმაყოფილეს. ეს წერილი არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე და სისხლის სამართლებრივი მუქარა. მათ თვითმიზანს წარმოადგენს ჩემი პოლიტიკური ბოიკოტის შეწყვეტა. რა თქმა უნდა ჩემზე ეს ზეწოლა და მუქარა ვერ იმოქმედებს და ამას მე არ დავემორჩილები, თუმცა მე მინდა რომ ნათელი იყოს საერთაშორისო ირგანიზაციებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებისთვისა და ქართველი საზოგადოებისთვის რა ბინძურ მეთოდებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, რათა ძალადობრივად გვაიძულონ უფლებამოსილების შესრულება იმ ადამიანებს ვინც უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით დასაბუთებულად მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი წარმოადგენს პოლიტიკური დევნის აშკარა მაგალითს." წერს ჯანაშია.
შეგახსენებთ, თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ე.წ. პიჯაკების საქმეზე 2014 წლიდან მიმდინარეობს. ჯანაშიას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ, რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უარი თქვეს დეპუტატის მანდატზე, შესაბამისად ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება არ აქვს და ხელისუფლება ამჯერად ამ მეთოდით ცდილობს მათ დაშინებასა და პარლამენტში შეტყუებას, რადგან დეკლარაციის არ შევსება ჯარიმას, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.
"ოცნების" პარლამენტმა კი ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 2 თებერვალს უყარა კენჭი და მხარი არ დაუჭირა.