"მთავარ არხთან" მიცემული ივანიშვილის მამხილებელი ინტერვიუს შემდეგ "ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი პროკურატურაშია დაბარებული.
ელდარ გოგოლაძე უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა, მას გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გოგოლაძემ აღნიშნა, რომ გამოვა და შემდეგ იტყვის რასთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი.
სავარაუდოდ, გოგოლაძის დაბარება "ვუდროფის" საქმეს უკავშირდება, რომელიც 1993 წელს მოკლეს თბილისის შემოსასვლელში, სწორედ ამ დროს დააკავეს ანზორ შარმაიძე. ის 12 წელზე მეტია საქმის განახლებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. შარმაიძე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ გამოკითხა, საბედისწერო გასროლის დროს ელდარ გოგოლაძე იმავე მანქანაში იჯდა, რომელშიც მოკლული ფრედი ვუფროფი. გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ გარდაცვლილი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
"ბატონმა ელდარ გოგოლაძემ რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა მთავარ არხს, ეს ინტერვიუ რბილად რომ ვთქვთ არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის, ის ფაქტი, რომ ელდარ გოგოლაძის მიმართ გამოძიებას კითხვები 8 წლის განმავლობაში არ გასჩენია და მისი დაბარება მოხდა მხოლოდ მთავარ არხში მისი სტუმრობის შემდეგ, აჩენს ეჭვს, რომ დაბარება მოწმის სახით სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ვიმყოფები აქ", - თქვა "მთავარი არხის" იურისტმა დიტო სამხარაძემ.
ყველაფერი ოლიგარქის შესახებ - ელდარ გოგოლაძემ ბიძინა ივანიშილთან მუშაობის წლები და ყველა საინტერესო დეტალი ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2020 წლის 26 ოქტომბერს გაიხსენა და ოლიგარქის მანკიერი მხარე მთლიანად ამხილა.
ამის შემდეგ კი დააანონსა, რომ მის წინააღმდეგ ამ განცხადებების გამო დევნა დაიწყებოდა.