ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ასახელებს იმ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც პროკურატურამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ ნიკა მელია, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, დააპატიმროს.
ამ პროცედურების შესახებ გიორგი კონდახაშვილმა "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
"4 საათზე ნიკა მელია პროკურატურაში უნდა გამოცხადებულიყო. აღნიშნული გირაოს თემა იყო თავიდანვე არალეგიტიმური და გირაოზე ზემოდან დამატებული 40.000 ლარი ასევე იყო უკანონო და არალეგიტიმური, თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ნიკა მელიას მიმართ საქმე თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული", - ამბობს ადვოკატი.
შეკითხვაზე ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, გადაუხდელობის შემთხვევაში, ნიკა მელია ვერ დააკავონ, ენმ-ის ლიდერის ადვოკატი სამართლებრივ პროცედურების თანმიმდევრობას ასახელებს
"გენერალურმა პროკურატურამ უნდა აღძრას შუამდგომლობა პარლამენტთან, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, უნდა გაიმართოს მოსმენა, დადგეს კენჭისყრაზე და პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რაც იმ ფონზე, რომ ნიკა მელია, ორი თვეა, უფლებამოსილების შეწყვეტას იხვეწება, საკმაოდ ირონიულ გადაწყვეტილებად გამოჩნდება. რას გააკეთებენ, არავინ იცის, მაგრამ სამართლებრივი პროცედურები ასეთია", - ამბობს გიორგი კონდახაშვილი "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ნიკა მელიას გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება, რომელიც პოლიტიკურ ლიდერს 20 ივნისის საქმეზე აქვს შეფარდებული.
დღეს პროკურატურა ნიკა მელიასთვის დამატებით, ერთკვირიანი ვადის გაფორმებას აპირებდა, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის ლიდერი არც პროკურატურაში აპირებს მისვლას და არც გირაოს გადაიხდის.
"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!" - თქვა დღეს ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.