გიორგი რურუა გამოუშვან და რაც მას დარჩა, ჩავჯდები - კოტე ყუბანეიშვილი

გამოქვეყნდა:

"მე, უბრალოდ, სინამდვილეს ვაკვირდები, უფსკრულისკენ როგორ მიედინება.." - კოტე ყუბანეიშვილმა "მთავარ არხზე", დღის სტუმარში განაცხადა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს, ხოლო კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "კულტურას მინისტრი არ სჭირდება". 

კოტე ყუბანეიშვილმა თეა წულუკიანს "კომენდანტი" უწოდა და განაცხადა, რომ მზადაა თვითონ ჩაჯდეს ციხეში გიორგი რურუას ნაცვლად, მისივე თქმით, იმისთვისაც მზადაა, რომ ციხის კომენდანტი, რომელიც "მოწამლულ წყალს" შემოაწოდებს, წულუკიანი იყოს.

"გიორგი რურუა გამოუშვან და მე ჩავჯდები მის ნაცვლად, იმ დროით, რაც მას დარჩა", - თქვა კოტე ყუბანეიშვილმა, ხოლო გადაცემის წამყვანის, თათა ჩიკვილაძის შეკითხვაზე "თქვენი აზრით, გამოუშვებენ გიორგი რურუას?", პოეტმა ხელისუფლებისადმი შეთავაზება გაიმეორა:

"გამოუშვან გიორგი რურუა, იმიტომ რომ ის ქვეყანას სჭირდება, მე კი ციხეშიც კარგად ვიმუშავებ".

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.

გიორგი რურუას საქმეში დევს პოლიციელთა ჩვენებები, რაც ადასტურებს, რომ მათ რურუა თითქოს მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, იარაღით მისი გადაადგილების შესახებ, რაც, სავარაუდოდ, სიცრუეა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისი-წყნეთის მიმართულებით მიმავალი რურუა სამხარეულის ექსპერტიზის ოფისამდე არმისული, სასაფლაოების გასწვრივ გააჩერეს და მას, კრიმინალური პოლიციის დავალებით, საპატრულო პოლიცია ბენზინგასამართ სადგურთან ელოდებოდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მაშინვე აედევნა რურუას, როგორც კი მიიღო მინიშნება კრიმპოლისგან და გიორგი რურუას მანქანა სწორედ იმ მონაკვეთზე გააჩერა, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. ასეთი თბილისი-წყნეთის ამ მონაკვეთზე მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრია.

სწორედ ამ გაჩერების დროს, ჩხრეკის ჩატარებისას, "აღმოუჩინეს" გიორგი რურუას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად, აქვე შედგა ჩხრეკის ოქმიც.

რურუას დაკავების შემდეგ, მისი დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის ცნობილი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი