თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, თუ რა სახის მტკიცებულებებს დაუშვებს სასამართლო. დღესვე გახდება ცნობილი, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.
შეგახსენებთ, კარტოგრაფები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა 20 000-20 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ე.წ. კარტოგრაფების საქმე:
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.
პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.
აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.