
"ევროპელი სოციალისტები", საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, "ქართული ოცნების" მიერ პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ დავით ზილფიმიანმა განაცხადა.
"თუ ჩვენ შევაფასებთ მის მოღვაწეობას 2012 წლის შემდეგ, ღარიბაშვილი ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანია და დრო ჰქონდა, რათა კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო არჩევანია, ამიტომ, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ," - თქვა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა დავით ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ დასახელდა, რაც გიორგი გახარია გადადგა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია "ქართული ოცნებიდანაც" წავიდა - ექსპრემიერი პოლიტსაბჭოს სხდომას არ დაესწრო.
კანონით გაწერილი პროცედურების მიხედვით, პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობას, რომელსაც მმართველი პარტია წარადგენს, ორი კვირის ვადაში მხარი უნდა დაუჭიროს. ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობის ხმები საკმარისია.