პარლამენტის შენობის წინ, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის გრძელდება ცოტა ხნის წინ დაწყებული დაპირისპირება, მოიპარეს კარავი, რომლის გაშლასაც აქტივისტები შენობის წინ აპირებდნენ.
"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ კარავი პოლიციელებმა მოიპარეს. მათი თქმით, კარვის გაშლა კანონით არ იკრძალება და პოლიციის მოქმედებები, რითაც ისინი კარვის გაშლას ეწინააღმდეგებიან, კანონიერ საფუძველს მოკლებულია.
"რუსთაველის გამზირს დღემდე არ ახსოვს, აქ კარვის გაშლა პრობლემა ყოფილიყო", -თქვა ერთერთმა აქტივისტმა.
"მოძრაობა საქართველოსთვის", უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მართავს, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. დღეს აქტივისტებმა კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რვა აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე, რომელსაც, აქტივისტების თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიცია ამბობს, რომ ყველა დაკავებულთან მიმართებაში, კანონის შესაბამისად იმოქმედეს.
ნინო ღვედაშვილი