
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უახლოესი 100 დღის განმავლობაში ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმას წარადგენს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი "ქვეყანაში წესრიგის დამყარება" იქნება. ღარიბაშვილმა "ჯანსაღ" ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა, თუმცა თქვა, რომ ამაში "რადიკალურ ფრთას" არ გულისხმობს.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აბსოლიტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ "ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა" არ შემოდის პარლამენტში. მან ოპოზიციის მხრიდან პროტესტის ეს ფორმა "მიზანმიმართულ საბოტაჟად" შეაფასა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
"ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას ვგულისხმობ, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები. ნათქვამი არის, რომ მრავალჯერ გამეორებული სიცრუე ხდება ხანდახან სიმართლე, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინაიდან ჩვენ ყველა ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. ვინც თვლის, რომ ხალხს ეს კი არა სხვა ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, მათ მოვუწოდებთ, რომ ღია და საჯარო დებატებში მოიპოვოს მხარდაჭერა", - თქვა მან.
ღარიბაშვილმა ოპოზიციის "ჯანსაღ" ნაწილს დიალოგი შესთავაზა, თუმცა აღნიშნა, რომ აქ "რადიკალურ ფრთას" არ გულისხმობს.
"თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფათ ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ასეთი შრომისთვის, მე ამას მხოლოდ მივესალმები და ჩვენი გუნდი მიესალმება, მათთან დიალოგს. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობენ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.
ამავე თემაზე: