ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ დავადექით პუტინის გზას - გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

"ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ ჩვენ დავადექით პუტინის გზას" - ასე ეხმიანება "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლი, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ზეწოლას ოპოზიციასა და მის ლიდერზე.

გიორგი რურუა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნისათვის არასახარბიელო მიზნებს პროტესტი და სანქციები შეაჩერებს. 

"...ნიკა მელიას უკანონო დაკავებით, ბიძინა ივანიშვილმა კი მოიფხანა გული, მაგრამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

სიმართლეს ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ საქართველოს გაძლიერებისთვის, სწორი განვითარებისთვის და ახლა ჩვენი მოქმედების დროა - დაუღალავი პროტესტი, პრინციპულობა,შეუპოვრობა.

ბიძინა ივანიშვილის შავბნელ ზრახვებს, ქვეყნის შიგნით პროტესტი და ამ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული სანქციები შეაჩერებს მხოლოდ.

მინდა ვთხოვო ჩემს მეგობრებს, ჟურნალისტებს, შევადაროთ ჩვენი მეგობრების განცხადებები პლახიატნუკის და იანუკოვიჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. დარწმუნებული ვარ ბევრ საერთო ნარატივს ამოვიკითხავთ"

მისივე აზრით, "ქართული ოცნების" მტკიცება, რომ ქვეყანა დასავლური კურსით ვითარდება, მხოლოდ ტყუილია.

"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც. რადგან ქართული ოცნების დეპუტატები ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენი დასავლური კურსი უცვლელია და საქმით საპირისპიროს აკეთებენ, ჩემი აზრით მიზანმიმართულად, ამას დაბნეულობა შემოაქვს და ვფიქრობ განმარტება სჭირდება მოსახლეობას ყველასთვის გასაგებ ენაზე, საითკენ მიყავს ხელისუფლებას მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნა.

ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ ჩვენ დავადექით პუტინის გზას. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა არ დავნებდეთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის"

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი