
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ცხადი ნიშანია იმ ინტერესისა, რასაც ევროკავშირი და თავად მიშელი საქართველოს მიმართ იჩენენ.
"ეს ვიზიტი არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ჩვენი ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ. დატვირთული დღე იქნება, დაგეგმილია ბევრი შეხვედრა, რა თქმა უნდა, იქნება ყველა მხარესთან საუბრის ბევრი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით", - თქვა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
აქვე გეტყვით, რომ ამ წუთებში შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარეობს, ორივე პრეზიდენტი განცხადებას მედიასთან საუბრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა, მას შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან აქვს. ის ასევე გეგმავს, რომ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდეს და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნოს. მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.