
"ანგარიშვალდებულების ფარგლებში პარლამენტი ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მოსმენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა მხარე და ნამოხვანჰესზე მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება.
"ჩვენ წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია. ანგარიშვალდებულების ფარგლებში პარლამენტი ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი. საზოგადოებას მივაწვდით პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რამაც გამოიწვია მათი წუხილები თუ პროტესტი. გთხოვთ, მთავრობასთან ერთად დავიწყოთ მომზადება", - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 მარტს, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა არსებულ შეკითხვას, რაც ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობას აწუხებს, პასუხი უნდა გაეცეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კვირაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ 28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა და აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" 2 კვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს.