ე.წ. ქართული მარში, ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირების ნაწილი მსოფლიოში აღიარებული ქართულ-შვედური ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. ისინი ფილარმონიასთან და ვერის ბაღში შეკრებას 16:00 საათიდან დაიწყებენ.
ამ ადამიანების მტკიცებით, ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ნამუშევარი არის გარყვნილების პროპაგანდა და მიაჩნიათ, რომ მისი ხილვა მაყურებელში აღძრავს ლტოლვას სოდომური ცოდვისკენ.
ისინი ამბობენ, რომ მშვიდობიანი ფორმით შეეცდებიან ფილმის ჩვენების ჩაშლა, თუმცა, ამის გარდა, საჭიროების შემთხვევაში ყველა ღონეს მიმართავენ.
„აქცია მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენების წინააღმდეგ და ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგება. განვთავსდებით კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაკეთებთ ჯაჭვს და გავაკეთებთ სირცხვილის კორიდორს, რომელშიც მოუწევს გავლა ფილმის თითოეულ მესვეურს,“ -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
აქციას უერთდება სასულიერო პირების ნაწილიც, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მშვიდობიანი გზით გააპროტესტებენ „გარყვნილების, სიბილწის, უზნეობის პროპაგანდირებას და ტირაჟირებას“.
ე.წ. ქართული მარშის წევრების თქმით, აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, თუმცა, მთავარი ეპიცენტრი კინოთეატრი „ამირანი“ იქნება. ლევან ვასაძის წარმომადგენლის ინფორმაციით, აქცია რეგიონებშიც ჩატარდება და მათი თანამოაზრეები ბათუმშიც შეიკრიბებიან და ფილმის ჩვენების ჩაშლას შეეცდებიან.
ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, მათ სამართალდამცავ უწყებებს მიმართეს იმ მიზეზით, რომ ფილმი პორნოგრაფიულ კონტენტებს შეიცავს. ლორთქიფანიძის განცხადებით, ამის გათვალისწინებით ფილმი არ უნდა გაშუქდეს.
„თუ შსს ღიად დაარღვევს კანონს, ჩვენ აღნიშნულზე აპელირებით მოვახდენთ ზეწოლას შსს-ზე“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.