
პარტია "ლელოს" ლიდერებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. მათი თქმით, ირაკლ ღარიბაშვილმა და ანზორ ჩუბინიძემ თანმდებობები უნდა დატოვონ.
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. გამოძიების არ დაწეყბა პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი", - თქვა კახა კოჟორიძემ.
პარტიის კიდევ ერთი წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს.
"ქართული ოცნება ჩალიჩობს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს ეს ყველაფერი, ვინაიდან 10-წლიანი ვადა აქვს მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში ხანდაზმულობის. აქედან გამომდინარე, მათი მიზანია, რომ გარკვეულწილად, ეს ხანდაზმულობის ვადაში გადააგდონ. შემდეგ პროკურატურას ათქმევინონ, რომ იცით რა, ეს ხანდაზმულია და ამის შემდეგ შეწყვიტონ გამოძიება. თუ გამოძიებას დაიწყებენ", - თქვა ლევან სამუშიამ.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხემოწერებს აგროვებენ სამოქალაქო აქტივისტებიც, ისინი პროკურატურას განცხდებით ხვალ მიმართავენ.